იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი | t--125t125curate | Scoop.it

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი ალგეთის შესახვევის ნომერი პირველი სახლი ხარფუხში ჩვენი საუკუნის ათიანი წლებიდანვე იყო ცნობილი. პატარა ორსართულიანი და შუშაბანდიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა იოსებ გრიშაშვილი. ხარფუხის უბნის იმ პატარა სახლში წლების განმავლობაში გრიშაშვილმა თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში სხვა არ არის. ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა ანდერძით თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა და ძველი თბილისის ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი ეთნოგრაფიული ნივთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. მოგვიანებით იმ პატარა სახლის ნაცვლად აშენდა ლამაზი შენობა, რომელშიც განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ოთხას ოთხმოცდასამი სათეატრო აფიშა, სათეატრო დადგმათა ხუთას ოთხმოცდაშვიდი პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ხედები (ოთხასი ცალი), ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი მწერალთა სურათებით და ი. გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით და სამას ოთხმოცდაათი ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახავი ნივთი... აქვე ინახება პოეტის არქივი, რომელშიც მისი ავტოგრაფები, ნაცნობ-მეგობრებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან მიწერ-მოწერა, მწერალთა და პოეტთა არქივები, გამოკვლევები და სხვა ხელნაწერებია დაგროვილი.